Main PageSite MapContact


  საშენი მასალით თამაში

 

კონსტრუქტული თამაში ხელს უწყობს ნებისყოფის განვითარებას. კონსტრუქტული თამაში ჩნდება ბავშვის ილუზიის, თამაშის განწყობის ნიადაგზე. ბავშვის ჩართვა სამშენებლო მოქმედებაში, საშენი მასალების დეტალების გაცნობა, აღმზრდელთან ერთად მათი გამოყენება (ძელაკების განლაგება სიბრტყეზე, აგურებისსიმაღლეზე) ბავშვს ინტერესს გაუღვივებს საკონსტრუქტურო საქმიანობის მიმართ. თამაშისას დეტალების დასახელება და მათი ფერის, სივრცითი ნიშნის აღნიშვნა დაუზუსტებს წარმოდგენებს და გაუმდიდრებს მათ სიტყვათა მარაგს.

აღმზრდელის მიერ შეთავაზებული სიუჟეტი (მაგალითად, მოდი შენი მანქანით აგურები მომიტანე, მე ბაჭიას სახლს ვუშენებ და საშენი მასალა მჭირდება და სხვა) შეიძლება გადაიქცეს თამაშის სტიმულად. ბავშვთან ერთობლივი თამაში, უფროსის მაგალითი, მისი ყურადღება და შეგულიანება უვითარებს მას დაწყებული ნაგებობის დასრულებისაკენ სწრაფვის უნარს და ჩამოუყალიბებს თამაშის შემდეგ საშენი მასალის შენახვის ჩვევას.

  4-6 წლამდე ბავშვს უნდა მივეხმაროთ დეტალების  შერჩევასა და გამოყენებაში მათი საკონსტრუქტურო თვისებების შესაბამისად (მდგრადობა, ფორმა, სიდიდე). ამ ასაკში ხდება განზოგადებული წარმოდგენების შექმნა ნაგებობებზე, კერძოდ სივრცეში განლაგების აღქმის ჩამოყალიბება. თამაშის დროს ბავშვმა უნდა შეძლოს ობიექტების აგება, მათი შედარება, საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა და სიგრძის ან სიმაღლის მომატება, ასევე ნაგებობების გასალამაზებლად დამატებითი მასალის გამოყენება.

მშობელი უნდა მიეხმაროს ბავშვს საჭიროებისას მეგობრული, ტაქტიანი რჩევით და თამაშის დროს საჭირო მასალის შერჩევა-გამოყენებაში (მაგალითად, რომელი გამოადგება ხიდის ბურჯად, რომელი კედლის ამოსაყვანად, რომელი გადასახურად და სხვა). ასევე უნდა იზრუნოს ბავშვის ესთეტიკურ განვითარებაზე. საშენი მასალით თამაშის დროს ნივთიერი მასალის გაფორმება უფრო მეტად ინდივიდუალურად წარმოებს, თუმცა ბავშვს უჩნდება სურვილი თავისი შემოქმედებითი ნაყოფი სხვასაც უჩვენოს. უფროსმა ბავშვს უნდა დაანახოს  ერთობლივი მოქმედების სასიკეთო შედეგი (სწრაფად აგება, თამაშისას ურთიერთდახმარება, საქმის ბოლომდე მიყვანა), რაც გარკვეულწილად საუკეთესო პირობაა შრომისმოყვარეობის აღზრდისათვისა და მიზანდასახულობის (ნებელობის) განვითარებისათვის.

ბავშვს უნდა შესთავაზოთ საშენი მასალის მრავალელემენტიანი ანაწყობები, სადაც სივრცითი ნიშნების გათვალისწინება (მაგალითად, რომელი ელემენტი შეირჩეს კედლის ამოსაყვანად, რომელი ღობის, კიბის გასაკეთებლად, რომელი სახლის გადასახურად და სხვ) მას საშუალებას მისცემს უკეთ გაიაზროს და გაანალიზოს ნაგებობა.  ნაგებობის არქიტექტურული დეტალებით გალამაზება ჩამოუყალიბებს მას ესთეტიურ გემოვნებასა და სილამაზის აღქმის უნარს.

ბავშვის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის განვითარებას ხელს უწყობს ნივთიერი მასალის მიზანდასახული დამუშავების პროცესი. მიზანდასახული მშენებლობისათვის სასურველია ბავშვთან გასაუბრება (რის აშენებას აპირებს, რომელ მასალას გამოიყენებს და . ), რაც ბავშვს საშუალებას მისცემს  გაიაზროს მშენებლობის პროცესის თანმიმდევრობა და მიეჩვიოს გააზრებულ მოქმედებასა და საკუთარი საქმიანობის დაგეგმვას. ნაგებობების შეფასების შემდეგ მას გაუჩნდება უკეთ აშენების სურვილი.

ბავშვის ესთეტიკური გემოვნების განვითარებისათვის სასურველია აღმზრდელმა გასეირნების დროს ყურადღება მიაქციოს ლამაზ ნაგებობებს (ტაძრები, შენობები და სხვა), ასევე შესთავაზოს დასათვალიერებლად მათი ამსახველი ფოტო-ალბომი, რაც დაეხმარება ბავშვს გამოავლინოს ინდივიდუალური შესაძლებლობები ნაგებობების შემკობა-გალამაზებისას.

უფროსთან ერთობლივი განხილვა ბავშვს დაეხმარება კონსტრუქტორებზე თანდართული სქემისა და მოდელის მიხედვით მისი იდენტურის აშენებაში შესატყვისი ელემენტების შერჩევით. ერთობლივი მშენებლობის პროცესში ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის ზნეობრივ თვისებების გამოვლენას და საჭიროების შემთხვევაში მიუთითოთ და შესთავაზოთ ურთიერთდახმარების ფორმები.

 

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge