Main PageSite MapContact


  ბავშვის საჭმელი

    როცა ბავშვს საჭმელს უმზადებთ:
  კარგად დაიბანეთ ხელები;
  ყველა ხელსაწყო და ჭურჭელი საპნითა და ჯაგრისით გარეცხეთ, გაავლეთ გამდინარე წყალში და დამდუღრეთ;
  საჭმელი დააქუცმაცეთ ჩანგლით ან ელექტროსაფქვავით;
  ახალი სურსათი საუკეთესოა. თუ კონსერვირებულს იყენებთ, შეამოწმეთ ეტიკეტი, ნუ გამოიყენებთ მარილის და შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტს;
  ბავშვის ჭურჭელი ცალკე უნდა ინახებოდეს.



ღვიძლის პიურე (1 წლის ასაკის ზემოთ)
  50 გრ. საქონლის ღვიძლი გარეცხეთ გამდინარე წყალში, მოაცილეთ აპკი, ამოაჭერით ნაღვლის სადინარები, დაჭერით წვრილ ნაჭრებად, ოდნავ შებრაწეთ ზეთში, დაუმატეთ 25 მლ. წყალი, ქვაბს დაახურეთ თავსახური, შედგით ჰაერღუმელში და შუშეთ 10 წუთის განმავლობაში.
  გაცივებული ღვიძლი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ ცოტა მარილი და აადუღეთ. გამზადებულ პიურეს დაამატეთ 5 გრ. კარაქი, 15 მლ. ანადუღარი ცხელი რძე და კარგად აურიეთ.


ტვინის კატლეტი (1 წლის ასაკის ზემოთ)
  100 გრ. საქონლის ტვინი 1 საათით დაალბეთ ცივ წყალში, მოაცილეთ აპკი, ხარშეთ 5 წუთი და გადმოიღეთ საცერზე.
  წყლის დაწრეტის შემდეგ გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ 1/2 კვერცხის გული, 20 გრ. ფქვილი და ცოტა მარილი. აურიეთ კარგად, ამოიღეთ სუფრის კოვზით, ამოავლეთ 15 გრ. დანაყილ ორცხობილაში და ორივე მხრიდან შეწვით ნელ ცეცხლზე 5 მლ. ზეთში.

ბოსტნეულის პიურე
  160 გრ. სხვადასხვა ბოსტნეული (სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი) გაწმინდეთ ჯაგრისით გამდინარე წყალში, გაფცქვენით, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩადეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე (ისე, რომ ბოლომდე არ დაიფაროს). მოშუშეთ თავდახურულ ქვაბში. მიაქციეთ ყურადღება, რომ წყალი არ დაშრეს (შეავსეთ მხოლოდ მდუღარე წყლით). ბოლომდე მოუმზადებელ კერძს დაამატეთ გაფცქვნილი, სქლად დაჭრილი 40 გრ. კარტოფილი და შუშეთ კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში.
  შემდეგ გახეხეთ საცერში ცხლად, დაუმატეთ 50 მლ. ცხელი რძე, ცოტა მარილხსნარი, ისევ შედგით ცეცხლზე, ათქვიფეთ სათქვეფით ან ჩანგლით ისე, რომ აფუშფუშდეს. ადუღებამდე გადმოდგით და დაუმატეთ 5 მლ. ზეთი.

ხილი და ბოსტნეული

  1/2 ჭიქა გამზადებული (მოხარშული ან მოთუშული) ბოსტნეული ან ხილი და სითხე (წყალი, წვენი) აურიეთ და ათქვიფეთ.
  შეიძლება მომზადდეს ხილისა და ბოსტნეულის პიურე. განსაკუთრებით კარგია ატამი, მსხალი, გარგარი, ვაშლი, ბანანი, მწვანე ბარდა, მწვანე ლობიო, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი.


ვაშლის პიურე
   50 გრ. მწიფე, საღი ვაშლი გარეცხეთ გამდინარე წყალში, გადაავლეთ მდუღარე, თხლად გაფცქვენით და გახეხეთ წვრილ სახეხზე. ხაჭო
   200 გრ. ცივ რძეს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კალციუმის (და არა კალიუმის!) ქლორიდის 10%-იანი ხსნარი, მოურიეთ შეუჩერებლად და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ, სანამ ოთახის ტემპერატურამდე შეგრილდება და გაწურეთ დოლბანდში. შეინახეთ მაცივარში.

    ყველა სახის ხორცის გამოყენებისას მოაშორეთ ცხიმი, კანი და ძვალი; მოხარშეთ ცოტა წყალში. ეცადეთ არ გადახარშოთ; გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და ჭიქა ხორცზე დაუმატეთ 1/4 ჭიქა წყალი. ერთი ულუფისათვის 1/2 ჩაის ჭიქა ცხიმგაცლილი, მოხარშული, გატარებული ხორცი (ბატკნის, ძროხის, ხბოს, ქათმის) და 2 სუფრის კოვზი სითხე (გადადუღებული რძე, წყალი) აურიეთ და ათქვიფეთ.


ხორცის გუფთა
  100 გრ. საქონლის მჭლე ხორცი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით და ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ ცივი წყალი, ცოტა მარილი, 1 კვერცხის ათქვეფილი ცილის ნახევარი. მიღებული მასა გადმოიღეთ სველ ფიცარზე, კვერცხის ცილაში დასველებული ხელით გაანაწილეთ პატარ-პატარა ბურთულებად და მოსახარშად 15-20 წუთით ჩადეთ მდუღარე ბოსტნეულის ნახარშში (1 პატარა თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, ცოტა მარილი).

ხორციანი სადილი
  1/2 ჩაის ჭიქა გამზადებული ხორცი (ბატკნის, ძროხის, ხბოს, ქათმის);
  2 სუფრის კოვზი მოთუშული ბოსტნეული;
  1/4 ჩაის ჭიქა მოხარშული ბრინჯი, კარტოფილი ან გოგრა;
  1/2 ჩაის ჭიქა წყალი.
  აურიეთ და ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

თევზის ტეფტელი (1 წლის ასაკის ზემოთ)

  60 გრ. თევზის ფილეს გააცალეთ კანი, ცივ წყალში დამბალ 10 გრ. პურთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1/4 კვერცხის გული, ცოტა მარილი, 5 მლ. ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ, მიღებული მასისაგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, ჩააწყეთ ქვაბში, ნახევრამდე დაასხით წყალი და 20- 30 წუთი შედგით ჰაერღუმელში ან დადგით ნელ ცეცხლზე.


ლობიო
  გარეცხეთ 1 ჭიქა ლობიო, ჩაალბეთ 4 ჭიქა წყალში მთელი ღამე ან ხარშეთ 2 საათის განმავლობაში, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 2 საათი. ხარშეთ 2 საათის განმავლობაში, ან დარბილებამდე. როცა დარბილდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაჭყლიტეთ ჩანგლით, გაატარეთ საცერში კანის გასაცლელად. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივრის საყინულეში.

წიწიბურას, სიმინდის ფქვილის, ბრინჯის, შვრიის ფაფა
  20 გრ. ბურღული გაარჩიეთ, გარეცხეთ, დაუმატეთ 1 ცალი ვაშლი, დაასხით 100 მლ. წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გახეხეთ საცერში, დაასხით 100 მლ. ცხელი რძე და 5 მლ. შაქრის სიროფი. გამზადებულ ფაფას დაამატეთ 5 მლ. ზეთი.


    დაიმახსოვრეთ:

1 ჩაის კოვზი = 5 მლ.
1 სუფრის კოვზი = 15 მლ.
1 დესერტის კოვზი = 10 მლ.


კარტოფილის პიურე
   100 გრ. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გაწმინდეთ, მოხარშეთ ცოტა წყალში, გაატარეთ საცერში ცხლად, დაუმატეთ 40 მლ. ცხელი რძე, მარილი და აადუღეთ. გამზადებულ პიურეს დაუმატეთ 3 მლ. ზეთი.

ქლიავის (ან ალუბლის) პიურე

  50 გრ. მწიფე ქლიავი (ან ალუბალი) გარეცხეთ გამდინარე წყალში, გადაავლეთ მდუღარე, გამოაცალეთ კურკები, გახეხეთ კოვზით საცერში, მოაცილეთ კანი. დაამატეთ შაქრის სიროფი გემოვნებით.

ალუბლის, ქლიავის წვენი
  100 გრ. ალუბალი (ქლიავი) გარეცხეთ გამდინარე წყალში, გადაავლეთ მდუღარე, გამოაცალეთ კურკა, გაატარეთ ელექტროწვენსაწურში ან გაწურეთ დოლბანდში.

სტაფილოს წვენი
  100 გრ. სტაფილო კარგად გარეცხეთ, გაწმინდეთ, გადაავლეთ მდუღარე, გაატარეთ ელექტროწვენსაწურში ან გახეხეთ წვრილ სახეხზე და გაწურეთ დოლბანდში. დაამატეთ ცოტა შაქრის სიროფი.

ვაშლის წვენი
  100 გრ. ახალი, საღი ვაშლი გარეცხეთ გამდინარე წყალში, გადაავლეთ მდუღარე, გაააცალეთ კანი, გაატარეთ ელექტროწვენსაწურში ან გახეხეთ სახეხზე და გაწურეთ დოლბანდში. დაამატეთ შაქრის სიროფი გემოვნებით.

შაქრის სიროფი
  1 კგ. შაქარს დაასხით 0,5 ლ. წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ ორმაგ დოლბანდში, შეავსეთ გადადუღებული წყლით 1 ლიტრამდე და კიდევ წამოადუღეთ.



 
  © 2006 www.bavshvi.ge