ხშირად წაუკითხეთ წიგნი. შეიძლება შიგადაშიგ ჩაახედოთ და
წააკითხოთ ნაცნობი მარცვლები, სიტყვები. იმსჯელეთ წაკითხულზე,
ნანახზე, მოაყოლეთ პატარ-პატარა ეპიზოდები. მოაყოლეთ დღის
განმავლობაში ნანახი.
ხშირად მოეფერეთ, შეაქეთ, რა კარგად დაუმახსოვრებია, როგორ
მოგეხმარათ, რა მშვენივრად დაასრულა წინადადება, როგორ კარგად
იმღერა, გამოჭრა ნახატი, რა ყოჩაღად იცვამს ან იხდის და ჭამს
დამოუკიდებლად და ა.შ.
წინასწარ არჩეულ ტელეგადაცემას უყურეთ ერთად არაუმეტეს 1-2
საათისა დღეში და შემდეგ გაარჩიეთ.
შეარჩიეთ ახალი სასაუბრო თემები: წელიწადის დროები, დაახასიათეთ
ისინი. დაასწავლეთ მისამართი და ტელეფონის ნომერი, უამბეთ, "მე
რომ პატარა ვიყავი..," ივარჯიშეთ ანტონიმებში (მაღალი-დაბალი,
შიგნით-გარეთ, ბინძური-სუფთა, სავსე-ცარიელი, მთელი-ნახევარი..),
ემოციები (გახარებული, მოწყენილი, გაბრაზებული, მშვიდი..) და ა.შ..
. ასწავლეთ ახალი სიტყვები; "სირცხვილი", "ჩუქება", "თხოვება",
"ერთად", "სინამდვილე", "ზღაპარი"...
შეუძლია ისწავლოს 3-4 ფერის გარჩევა, თვლა 5-მდე, მარტივი
არითმეტიკული ამოცანები, კბილების გახეხვა, "ადამიანის" და
"ჭიანჭველას" ხატვა, პლასტელინით ძერწვა...
შეიძლება დაიწყოთ ანბანის სწავლება, თუკი ბავშვის განვითარების
დონე და ჯანმრთელობა იძლევა ამის საშუალებას. სწავლება უნდა
წარმართოთ ძალდაუტანებლად და თამაშ-თამაშ. ასწავლეთ
ცალკეული ასოები და მარცვლები ნახატებითა და კუბებით. დაიწყეთ
ნაცნობი მარცვლებით: "აი ია". დააკვირდით, რომ ხალისით ისწავლოს,
არ მოიწყინოს. თუ მოიწყინა, აჯობებს გადაერთოს მისთვის უფრო
საინტერესო გასართობზე.
ესაუბრეთ ცოდნის მნიშვნელობაზე.
არ შეიძლება ბავშვის დაშინება მიტოვებით, მასწავლებლით, სწავლით,
ექიმით, წამლით, საბავშვო ბაღით, პოლიციელით და "გუდიანი კაცით".
უამბეთ ნაცნობი ზღაპარი და შემდეგ გაარჩიეთ, ჩაეკითხეთ. მოაყოლინეთ
მესამე პირისათვის, ერთობლივი ძალებით წარმოადგინეთ
სპექტაკლი.
ქოთანში (ან სულაც პროდუქტების პლასტმასის ჭურჭელში) ჩაათესინეთ
კიტრის, გოგრის, საზამთროს ან ყვავილის თესლი და პერიოდულად
მოარწყვევინეთ. ერთად დააკვირდით მის ზრდა-განვითარებას.
ასწავლეთ თავისი და ოჯახის წევრების სახელებისა და ტელეფონის
ნომრის წერა.
წაახალისეთ, რომ ეთამაშოს თანატოლებს, ასწავლეთ თხოვება,
გაყოფა და ჩუქება.
ეშინია სიბნელის, ცხოველების, ხმაურის, ნაკლებად (ან აღარ) ეშინია
ნიღბებისა. ეცადეთ ხანმოკლე საუბრებით და ცხოვრებისეული
მაგალითებით შეუმციროთ უსაფუძვლო შიშები.
განაგრძეთ გაკაჟება.
ახალი ვარჯიშები: "კრივი" - მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში
მხრების მაღლა აწევა და კრივი - 10-10 ენერგიული გაქნევა
მუშტებით.
"ცურვა"- მუცელზე დაწოლილი მხრების წამოწევა და "ცურვა"
ბაყაყურით ანუ ბრასით.
"მერცხალი" - კვლავ მუცელზე. მერცხალივით გაშლილი ხელებით
"ფრთების" ქნევა-10-15 ჯერ.