შეუძლია ისწავლოს ცალკეული ასოების (თავისი სახელისა) და
ციფრების წერა, სამთვლიან ველოსიპედზე სიარული, დამალობანა და
დაჭერობანა.
საყვარელი საქმიანობა: "მზის", "მთვარის" ხატვა, შენება, დაჭრილი
ნახატებისა და მარტივი კონსტრუქციების აწყობა, ხტუნვა ცალ
ფეხზე, სიარული ხალიჩის ან პარკეტის ორნამენტების პარალელური
ნაბიჯებით.
მიეცით საშუალება მონაწილეობა მიიღოს დღის დაგეგმვაში, სადილის
კერძის არჩევასა და მომზადებაში.
სადილის მომზადებისას უთხარით პროდუქტების სახელები და მათი
მნიშვნელობა.
ჩაუნერგეთ სიამაყე ახალი მარტივი პასუხისმგებლობების მიმართ
(სათამაშოების დალაგებაში მოხმარება, პირის ბანა, კბილების
გახეხვა, გახდა და გახდილი ტანსაცმლის დალაგება). გააცანით
საოჯახო ნივთები და ინსტრუმენტები, მათი დანიშნულება. გვერდით
იყოლიეთ საოჯახო საქმიანობისას.
სთხოვეთ ბავშვს, სათითაოდ აღწეროს ნივთები, რომლებსაც
ჩანთიდან ამოიღებს, თქვენ უნდა გამოიცნოთ ისინი თვალახვეულმა
ან ზურგით მჯდარმა. გაიმეორეთ ეს თამაში როლების შეცვლით.
მოუყევით ნაცნობი ზღაპრები და მოთხრობები, გამოტოვეთ
ცალკეული სიტყვები, რომლებიც ბავშვმა უნდა შეავსოს (გაიხსენოს).
ახალი სიტყვები; "ადრე", "ახლა", "შემდეგ", "უფრო" (უფრო გრძელი,
უფრო პატარა), "დაიმალე", "ცოდოა", "შიმშილი", "დაღლილი", "ცივა",
"სირცხვილი", "მადლობა".
თამაში საპირისპირო სიტყვებით; მაგ. თქვენ ამბობთ "მაღლა", მან
უნდა თქვას "დაბლა".
ბანაობისას შეუძლია თვითონ გაისაპნოს ხელ-ფეხი.
თანდათან შეუძლია მიიღოს ახალი პასუხისმგებლობები.
პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ცვალებადი. თუ ბავშვი უარობს
ვალდებულების შესრულებას, მიეხმარეთ და ერთობლივად გააკეთეთ
(მიაღწიეთ მის თანამონაწილეობას).
შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვიშის ან კედლის საათი. მაგალითად, "რახან
ძალიან მთხოვ, შეგიძლია განაგრძო ტელევიზორის ყურება, სანამ
დიდი ისარი ხუთიანთან მივა", ან "მოდი, ერთად დავალაგოთ ოთახი
(ვივარჯიშოთ, ლექსი ვისწავლოთ) სანამ ქვიშის საათი ჩამოიცლება".
ქვიშის ან მექანიკური საათის თანხლებით შესრულებულ საქმიანობას
არ მისცეთ სასჯელის ხასიათი.
უფროსები მოერიდეთ პატარის სიახლოვეს კამათს, ხმამაღლა
ლაპარაკს, ჩხუბს. გაითვალისწინეთ, ბავშვებს ჰგონიათ, რომ
მშობლების ჩხუბის მიზეზი თვითონ არიან და ამას განიცდიან.
პატარას ეშინია სიბნელის, ცხოველების, ხმაურის, ნიღბების. ეცადეთ
ხანმოკლე საუბრებით და ცხოვრებისეული მაგალითებით
შეუმციროთ უსაფუძვლო შიშები.
გააცანით და დაუხასიათეთ სხვადასხვა დანიშნულების
სატრანსპორტო საშუალებები.
აუხსენით ქუჩაში მოძრაობისა და სიარულის წესები, ასწავლეთ
რატომ უნდა მოერიდოს ქუჩაში მოძრავ საშუალებებს: ველოსიპედს,
მოტოციკლს, ავტომობილს, რა ძნელია მათი სწრაფად გაჩერება და
რა მტკივნეულია შეჯახება (ველოსიპედის მაგალითი უფრო გასაგები
იქნება). შეახსენეთ სხვა საშიშროებები.
იყავით ყურადღებიანი ქუჩაში სხვა ბავშვების მიმართ. ასწავლეთ
ბავშვს, რომ შორს არ წავიდეს სახლიდან, უნებართვოდ არ მოეფაროს
თვალს, არ გავიდეს დათქმული მხედველობის არედან. მკაცრად
გააფრთხილეთ ბავშვი, რომ არ მივიდეს უცხოსთან, არ მიიღოს
საჩუქარი და, მით უმეტეს, არ ჩაუჯდეს ავტომობილში.
ბავშვს თუ ტერფის თაღი არ ჩამოუყალიბდა, მიმართეთ ბავშვთა
ორთოპედს.
ვარჯიში: დასაწყისში უმჯობესია თქვენც ივარჯიშოთ ბავშვთან ერთად.
შეასრულეთ "ჭიაყელა" - საწოლში (ან იატაკზე) ზურგზე დაწოლილმა:
ხელები მიგვაქვს თავს იქით და ვჭიმავთ ფეხებსა და ხელებს საწინააღმდეგო
მიმართულებით (5-6ჯერ). შემდეგ ასევე ვჭიმავთ რიგ-რიგობით
ჯერ მარჯვენა ხელ-ფეხს, მერე - მარცხენას (5-6ჯერ).
ვარჯიში "თევზი"- ხელები ტანის გასწვრივ, ტერფები ზევით და
დაიწყე ტანის ვიბრირება 10 წამის განმავლობაში.
ვარჯიში "ხიდი" -ზურგზე დაწოლილი იდაყვს ეყრდნობი და ტანს სწევ
მაღლა 10-15 ჯერ.
ვარჯიში "თვითმფრინავი"- მუცელზე დაწოლილმა წამოვწიოთ
მხრები და გაშლილი ხელები ვიქნიოთ წინ და უკან. ხელები უკან
მოძრაობისას უნდა ავწიოთ მაღლა. (10-15-ჯერ)