ხშირად ესაუბრეთ მოკლე წინადადებებით. ესაუბრეთ იმ
საქმიანობაზე, რასაც ბავშვის თვალწინ აკეთებთ ისე, თითქოს
რადიორეპორტაჟი მიგყავდეთ მისთვის.
შეახსენეთ შედარებით ახალნასწავლი სიტყვები.
ასეირნეთ საინტერესო ადგილებში და გაართეთ საუბრით,
აღუწერეთ გარშემო მყოფი საგნები და მოვლენები, მოაძებნინეთ
ნაცნობი საგნები ნახატზე. დაუსვით მარტივი კითხვები.
პერიოდულად ამყოფეთ სიჩუმეში (შეზღუდეთ ტელერადიო და სხვა
ხმაური).
ხელი შეუწყვეთ, ისწავლოს მარტო თამაში, დამოუკიდებლად
გართობა.
ასწავლეთ დამშვიდობებისას ხელის დაქნევა.
მიეცით საშუალება დამოუკიდებლად ან მცირე დახმარებით
გაიხადოს ტანსაცმელი, ისადილოს საერთო სუფრასთან ოჯახთან
ერთად, საწრუპავში ჩაბერვით "აადუღოს" წყალი ჭიქაში, ითამაშოს
ბურთით, ითამაშოს აბაზანაში ბანაობისას (თვალი არ მოაცილოთ).
ბავშვს ამ ასაკში აქვს მშობლებთან განშორების, უცნობი ხალხის,
ტკივილის შიში. ნაკლებად (ან აღარ) ეშინია საშიში შესახედაობის
ნივთების, საგნების უეცარი გამოჩენისა და ა. შ. ეცადეთ ხანმოკლე
საუბრებით და ცხოვრებისეული მაგალითებით შეუმციროთ
უსაფუძვლო შიშები.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის ტანადობას,
პირველ რიგში ხერხემალსა და ტერფებს. ბრტყელტერფიანობას
იწვევს შეუფერებელი ფეხსაცმლები, ამიტომ დიდი ყურადღებით
უნდა შეურჩიოთ ფეხსაცმელი.
თუ ბავშვის საბავშვო ბაღში ტარება გადაწყვიტეთ, წინასწარ
რამდენჯერმე ერთად ეწვიეთ ბაღს ცოტა ხნით და ეცადეთ ბავშვს
კარგი განწყობა ჩაუნერგოთ საბავშვო ბაღისა და
აღმზრდელისადმი.
ბაღში სიარულის პირველ ხანებში ნუ ჩაეკითხებით ბავშვს,
"როგორია ბაღი?", "მოგწონს ბაღი?" და ა. შ.
ხომ გახსოვთ ბავშვი თქვენგან სიყვარულს თხოულობს, თქვენც ნუ
შეიზღუდავთ თავს, ხშირად მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და შეაქეთ,
ძილის წინ აკოცეთ და უმღერეთ იავნანა.