ისეთი ყოველდღიური, რუტინული საქმეც კი, როგორიცაა ბავშვის დაძინება მშობლისაგან გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ბავშვი სრულ სიმშვიდეს მშვიდ ძილში პოულობს. მშვიდი ძილი აუცილებელია ახალშობილის ფსიქო-მოტორული და გონებრივი განვითარებისათვის. ბავშვის მშვიდი ძილი ასევე აუცილებელია დედისათვის რათა მან მოახერხოს დასვენება და ძალების აღდგენა. სიმშვიდის შენარჩუნება ხშირად არა მხოლოდ მშობლების, არამედ ახლო ნათესავების (ბებია-ბაბუის, მამიდა-დეიდის) თანამონაწილეობას მოითხოვს.
ახალშობილი (1 თვემდე ასაკის) დღე-ღამეში 6-8-ჯერ, ხოლო ჩვილი (1 წლამდე ასაკის) 4-7 –ჯერ იძინებს. დაძინების პროცესი დაახლოებით 15-40 წუთს გრძელდება. დაძინება დამღლელი, შრომეტევადი და უსიამოვნო ხდება როცა დედა არ ფლობს და არ იყენებს ბავშვის დაძინების წესებს.
მშობელს ბავშვის სწორად დაძინების ცოდნა მოეთხოვება. ახალშობილობისა და ჩვილობისას მშობლების მიერ გამოყენებული დაძინების არასწორი პრაქტიკის გამო ბავშვი შეიძლება სტრესების ქვეშ აღმოჩნდეს რაც მომავალში ფსიქოლოგიურ ტრავმაში შეიძლება გადაიზარდოს და მის ფსიქოლოგიურ თუ მენტალურ სტატუსზე უარყოფითად აისახოს.
მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნების პედიატრები და ფსიქოლოგები მრავალწლიანი გამოკვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე იძლევიან ბავშვის დაძინების სწორი პრაქტიკის რეკომენდაციებს.
თანამედროვე რეკომენდაციები ითვალისწინებს:
ბავშვის დაძინებისათვის სწორი დროის განსაზღვრას.
ბავშვისათვის ძილის წინასწარგანწყობის შექმნას (ბავშვი მაძღარი, სუფთა, კმაყოფილი და ზომიერად დაღლილი უნდა იყოს).
ძილისწინა რუტინული, მუდმივად განმეორებადი რიტუალის ჩატარებას (მშობლები თვითონ იგონებენ ასეთ რიტუალს მაგალითად: თოჯინას “დაძინება”, ხელების დაბანა,ერთი და იგივე მშვიდი მუსიკის, იავნანის ჩართვა ან სიმღერა და სხვა).
ძილისათვის შემზადებული, ჯერ კიდევ მღვიძარი ბავშვის საწოლში ჩაწვენა და იავნანით დაძინება.
თანამედროვე რეკომენდაციებით უარყოფილია ბავშვის დარწევა, როგორც დაძინების რიტუალი და უპირატესობა ეძლევა რიტმულ, მელოდიურ მშვიდ სიმღერას, იავნანას.
ძილისპირული იავნანა ითვლება არა მხოლოდ მოხერხებულ დამხმარედ, არამედ დედასა და შვილს შორის მჭიდრო ფსიქოლოგიური კავშირის დამყარების ერთერთ საშუალებად.
დაიძინე, დაისვენე, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
მაგ შენს პატარა საწოლში, ნანავ და ნანინავ,
გენაცვალე, გენაცვალე, ნანავ და ნანინავ,
მოდი, ნანა, პატარასთან, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
ამ ჩვენ პატარა შვილსაო, ნანავ და ნანინავ,
ვუმღერი ნაზი ხმითაო, ნანავ და ნანინავ,
მოვგვრი ტკბილად ნანასაო, ნანავ და ნანინავ.
ნანა, ნანა ქალასაო, (ვაჟკაცსაო)
ანგელოზის ცალასაო,
ძილი მოდის თვალასაო,
აჩუჩუნებს ჩალასაო.
ნანი, ნანა, ნანინა,
ტკბილი ძილით დაიძინე, გულს ნათელი დაიფინე,
ეს საწოლი კარგი ხისა, შენ ვარსკვლავი ხარ ცისკრისა,
თვალის სინათლე დედისა, მერე კი მთელი ქვეყნისა,
ენა მომე მგალობლისა, რომ ნანა გითხრას ქებისა.
იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალოს შენი მშობელიო,
შენს ვაჟკაცობას (დაქალებას) მომასწრებს მე ღვთისმშობელიო.
ნანას გეტყვი ძილისთვინა,
შენი მოსვენებისთვინა,
იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას ჰგევხარ ფეროვნებითა,
დაიძინე, ჩემო შვილო,
გახდი მშობელიო,
შენს ქორწილში დამჭირდება სამი სოფელიო.