Main PageSite MapContact


  IX თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა რვა თვისაა.
  მალე გაიმეორებს მარცვლებს, ამბობს "მა-მა", "და-და" (ეს სიტყვები ერთი და იგივეა დედამიწაზე მცხოვრები ყველა ბავშვისათვის.)
  ის უკვე ბაძავს უფროსების ქცევას, ხელიდან ხელში გადააქვს ნივთები, იმეორებს მარცვლებს, თვალებითა და ხელით პასუხობს შეკითხვებზე: "სად არის დედა? მამა?”, უფროსების თხოვნით უკრავს ტაშს, ეძებს დავარდნილ საგანს, საყრდენის მეშვეობით დგამს ნაბიჯებს.
  ბავშვი აქტიურია და მანეჟი ეპატარავება. შეგიძლიათ, სუფთა ხალიჩაზე ან ფარდაგზე დასვათ.
  პატარა სულ უფრო და უფრო მეტხანს ფხიზლობს და დღის რეჟიმიც ეცვლება. დღისით მხოლოდ 2-ჯერ იძინებს.
  ბავშვი ჭამისას შეიძლება ძალიან გაგიჯიუტდეთ. თუ რამე ახალ საჭმელს სთავაზობთ და არაფრით არ ჭამს, ნუ დააძალებთ. ნუ აჭმევთ ამჯერად და შემდეგი კვება თავის დროზე მიეცით - მოშიების შემდეგ მადიანად შეექცევა იმავე საჭმელს.
  მიეცით სათამაშოდ კოვზი და ჭიქა - დაე, თანდათან შეეჩვიოს.

  მოვლა
   ნაცნობ სათამაშოს დააფარეთ ნაჭერი, დაუმალეთ ზეწრის ქვეშ ან ფარდის უკან და სთხოვეთ ბავშვს, მოძებნოს (“სად არის კურდღელი? - ჭიტაა!..”) გარკვევით დაუსახელეთ ნივთებისა და ცხოველების სახელები. ესაუბრეთ ბავშვს, მაგრამ ნუ გადაღლით. ნურასოდეს დააშინებთ! თუ დასჯა გინდათ, საქმიანი და მკაცრი ტონით უთხარით სათქმელი.
  ორ დღეში ერთხელ დაბანეთ დამჯდარი, თუ სიამოვნებს. ბანაობის შემდეგ გადაავლეთ გრილი წყალი. ეცადეთ, ჩვევად ექცეს ხელების დაბანა.
  მალე პატარას მაგარძირიანი ფეხსაცმელი დასჭირდება. სიარულის სწავლისა და ტერფის თაღის ფორმირებისათვის საუკეთესო საშუალებაა უფეხსაცმლოდ სიარული, მაგრამ ფეხსაცმელი აუცილებელია ბავშვის ფეხების დასაცავად და დასათბობად. ფეხსაცმელი აუცილებლად ყელიანი, ქუსლის სიმაღლე - 1-1,5 სმ უნდა იყოს. ფეხსაცმელი მჭიდროდ უნდა ეცვას, მაგრამ არ უჭერდეს.ძირი არ უნდა სრიალებდეს, ნუ ჩააცვამთ ბავშვს უხეშ ფეხსაცმელს. ცუდმა ფეხსაცმელმა შეიძლება არასწორ დგომასა და სიარულს მიაჩვიოს. ამიტომ ნურასოდეს დაზოგავთ ფულს ბავშვის ფეხსაცმელზე. ფეხსაცმელი ყველაზე ხარისხიანი ნივთი უნდა იყოს მის გარდერობში.

  კვება

   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 3-4- ჯერ;
  ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ბოსტნეულის ფაფა -_ დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილის წვენი - დღეში 85-125 მლ;
  წყალი - მოთხოვნილების მიხედვით;
  შერჩევით: ახალი ხორცი, კვერცხის გული, დასრესილი ლობიო, თევზი, რძე, ყველი ან მაწონი - დღეში 4 სუფრის კოვზი;

  შეგიძლიათ დაამატოთ: ცოტაოდენი სხვადასხვა საჭმელი საერთო სუფრიდან; ხელში დასაჭერი, ადვილად დასაღეჭი საჭმელი, საქონლის ან ქათმის ხორცი, თევზი; ჩათუთქული ხილი.

  ამ ასაკიდან ბავშვს უკვე შეიძლება მიეცეს ფხვნილის რძე ან მაწონი დღეში 1 ჩაის ჭიქა.
  თუ ბავშვს კბილების ამოსვლა უგვიანდება, ექიმს მიმართეთ.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 1,5 სმ. და 600 გრ.


უკან დაბრუნება





 
  © 2006 www.bavshvi.ge