Main PageSite MapContact


  VIII თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა შვიდი თვისაა.

  მალე წარმოთქვამს მარცვლებს - "დე", "მა", "ბა", "და", ესმის თავისი სახელი, ეთამაშება სარკეში საკუთარ გამოსახულებას. სათამაშოები ხელიდან ხელში გადააქვს, ერთმანეთზე ურტყამს, დამოუკიდებლად ჯდება, საწოლის გვერდებზე ხელმოკიდებული დგება და ნაბიჯებსაც დგამს (ნუ დაატანებინებთ ფეხებზე ძალას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი დიდი წონისაა).
  ახლა ძველებურად მშვიდად ვეღარ იქნებით - პატარა აქტიურია, თანაც - უაღრესად ცნობისმოყვარე. ამიტომ თვალი უნდა ადევნოთ: რამეს არ წაეპოტინოს, არ გაიჭრას, არ იჩხვლიტოს, არ გადაყლაპოს, არ დაიწვას, არ გადმოვარდეს და ა. შ. შეამოწმეთ, საკმარისად სანდოა თუ არა ბავშვის საწოლი.
  პატარა უკვე უკრავს ტაშს, დამშვიდობებისას ხელს გიქნევთ, კითხვაზე "სად არის?" თვალებით ან ხელით პასუხობს. ეთამაშეთ "ჭიტა", "ლოლია-ლოლია", მოეხმარეთ, აშენებინეთ კუბებით "სასახლე", "მოამარაგეთ" პლასტმასის სათამაშო ჭურჭლით და ზაფხულში წყალიც ჩაუსხით. წაუკითხეთ (დიახ, წაუკითხეთ!) წიგნები.
  ნუ გადატვირთავთ სათამაშოებით, ეცადეთ, მიეჩვიოს დამოუკიდებლად გართობას.

  პატარა თქვენს განწყობილებას ინტონაციით ხვდება. ამიტომ ელაპარაკეთ საქმიანი ტონით, როცა გაჯიუტდება და ტირილს დაიწყებს. ნუ აფიქრებინებთ ბავშვს, რომ ტირილით ყველაფერს მიაღწევს. ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. ნუ მიაწვდით ძალით გადაგდებულ სათამაშოს - თვითონ მას ააღებინეთ, ან ერთი-ორი დღით გადაუმალეთ.
  ბავშვთან ურთიერთობის დამყარებისა და სწავლების მიზნით: ელაპარაკეთ ნელა, მოკლემოკლე წინადადებებით, სიტყვები მკაფიოდ გამოთქვით; აჩვენეთ ნივთი, რომელსაც ახსენებთ; ხშირად გაუმეორეთ ერთი და იგივე სიმღერა, სიტყვა; ნუ იტყვით ბავშვის სათქმელს - თვითონ შეეცადოს.
  სთხოვეთ მეუღლესა და ოჯახის წევრებს, რომ პატარას კოვზით აჭამონ.
  თანდათანობით გადააჩვიეთ მატყუარას. ამ ასაკში ბავშვს ღრძილები ისევ ექავება და მარტო რეზინის სათამაშოებს კი არ ღეჭავს, არამედ პურის ქერქსა და ორცხობილასაც სიამოვნებით ლოღნის (არ დაგავიწყდეთ, ხელები მუდამ სუფთა უნდა ჰქონდეს!)

  მოვლა
   ასწავლეთ ხელის დაქნევა დამშვიდობებისას -"კარგა-ა-დ!..."
  გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი ტუალეტს მხოლოდ ერთნახევარიორი წლის ასაკში მოგთხოვთ. ამიტომ ჯერჯერობით ტყუილად ნუ გაუწყრებით, თუმცა ნურც დაიზარებთ და გაღვიძებისას და ძილის წინ ქოთანზე დასვით. ქოთანში წინასწარ ცოტა თბილი წყალი ჩაასხით, რათა პატარა სიცივემ არ შეაწუხოს და ქოთანზე ჯდომა არ შეაძულოს. ქოთანი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე დადგით. ასწავლეთ ბავშვს ჭინთვა - შესაბამისი ბგერები ალბათ ყველაზე შედეგიანია.
  ნუ დატოვებთ პატარას ქოთანზე 10 წუთზე მეტხანს.
  ამ ასაკში ბავშვებს არ მოსწონთ დასაძინებლად დაწოლა, რადგან მშობლებთან ყოფნა უნდათ. დააწყნარეთ ბავშვი - მიეცით საყვარელი სათამაშო, აბანავეთ, უმღერეთ, წაუკითხეთ. პატარები ღამით ძალიან იშვიათად იღვიძებენ, მაგრამ თუ მაინც გაიღვიძა და იტირა, "მოუყრუეთ" - დაე, თვითონ ისწავლოს ძილის შებრუნება.
  ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ. და 400-600 გრ.


უკან დაბრუნება





 
  © 2006 www.bavshvi.ge