Main PageSite MapContact


  VII თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ექვსი თვისაა.
  უკვე წარმოთქვამს მარცვლებს, ესმის თავისი სახელი, დგება მუხლებზე, ჯდება უფროსის მკლავზე, მიცოცავს სათამაშოსაკენ, დაფოფხავს მანეჟში, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, ზურგიდან - მუცელზე, ეპოტინება სარკეში თავის გამოსახულებას, ხევს ქაღალდებს, იჩენს ინტერესს სიახლისადმი.
  ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად დაჯდომას (სანამ თავისით არ დაჯდება, ძალით ნუ დასვამთ!).
  პატარა დილის 5-6 საათზე იღვიძებს, მაგრამ მალე ისევ იძინებს, თუ ძილს არ გაუტეხთ. 6-9 თვის ასაკიდან, სასურველია, ბავშვის საწოლს შირმა ან ფარდა ჩამოაფაროთ.

  მოვლა
   ყოველდღიური ტუალეტი პატარას კვლავ დღეში 1-2-ჯერ ჩაუტარეთ, დაბანა კი 2 დღეში ერთხელ საკმარისია.
  ხშირად ელაპარაკეთ ბავშვს. ასწავლეთ ხელის დაქნევა დამშვიდობებისას - "კარგა-ა-დ!..." ბავშვის ცნობისმოყვარეობა და შესაძლებლობები მატულობს. მალე ფეხზე დადგომაც შეეძლება, სუფრის ჩამოთრევაც და უჯრის გამოღებაც. ნუ დატოვებთ
  ბავშვს უმეთვალყურეოდ! მოარიდეთ ჩამრთველებს, ცხელ სითხეებს, მედიკამენტებს, ქიმიურ საშუალებებს.
  მე-7-8 თვის ბოლოს ბავშვს ალბათ უკვე 1-2 კბილი ექნება. დროა, ღეჭვა ისწავლოს. ბავშვს უკვე შეუძლია ხელში დაიჭიროს საჭმელი და თვითონ ჩაიდოს პირში. ხანდახან ორცხობილა მიეცით, პიურე უფრო სქლად გახეხეთ. ბოთლის საწოვარა თანდათანობით შეცვალეთ ჭიქით, ხშირად გამოიყენეთ კოვზი. ეცადეთ, მატყუარა საწოვარას გადააჩვიოთ. მიეცით სპეციალური საღეჭი სათამაშო.
  როცა ბავშვს კბილები ამოსდის, სიამოვნებს სხვადასხვა მკვრივი პროდუქტისა და ნივთის პირში ჩადება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ - რამე არ გადაცდეს!

  გადიხართ თუ არა სახლიდან უბავშვოდ?

  როგორ ინაწილებთ ფუნქციებს თქვენ და თქვენი მეუღლე ბავშვის მოვლისას?

  აქვს თუ არა ბავშვს საყვარელი სათამაშო ან საყვარელი ადგილი?

  პოულობთ თუ არა დროს უფროსი შვილისათვის?

  კვება
  
მიეცით ბავშვს:
  დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 4- 5-ჯერ (სულ - 900-1000 მლ);
  ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  ბოსტნეულის პიურე - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  წყალი - მოთხოვნილების მიხედვით.

  შეგიძლიათ დაამატოთ:
  მოხარშული კვერცხის გული. დაიწყეთ ერთი მეოთხედით და რაოდენობა მთლიან კვერცხის გულამდე გაზარდეთ. დასრისეთ ჩანგლით, აურიეთ დედის რძეში, ხელოვნურ საკვებსა ან ფაფაში. 1 წლამდე კვერცხის ცილის მიცემა არ არის რეკომენდებული - შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

  ნადუღი. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 2-3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.
  გატარებული ან წვრილად დაკეპილი ხორცი ან ხორცის პიურე. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 2-4 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. თავიდან ქათმის ხორცი მიეცით, შემდეგ - საქონლის.
  კანგაცლილი ლობიო ან ბარდა. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 4 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. არ დაგავიწყდეთ კარგად მოხარშვა.
  გახსოვდეთ: დედის რძე ან ხელოვნური საკვები ამ ასაკში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ჩვილისათვის. დამატებით მიცემული საჭმელი იმდენი არ უნდა იყოს, რომ ბავშვმა დედის რძესა ან ნარევზე უარი თქვას. ამიტომ დაიცავით თანამიმდევრობა: ჯერ დედის რძე (ხელოვნური საკვები) მიეცით, შემდეგ კი ნახევრად მყარი საჭმელი.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ. და 400-600 გრ.


უკან დაბრუნება





 
  © 2006 www.bavshvi.ge