განვითარება თქვენი პატარა ხუთი თვისაა. ხმამაღლა იცინის, ჭამის დროს ძუძუს
ან ბოთლს ხელს აშველებს, გაბმულად
ღუღუნებს, იმეორებს ბგერებს, უფროსის
ხელიდან იღებს სათამაშოს, ზურგზე
მწოლიარე მუცელზე ტრიალდება, თვის
ბოლოს თქვენი დახმარებით დაჯდება
და დადგება კიდევაც.
თუ ბავშვი 3-4 თვის ასაკში ყველა
გაღიმებულ მნახველს უღიმოდა, ახლა
სახეებს აკვირდება და მხოლოდ ნაცნობებს
უღიმის, უცნობის დანახვისას
კი შეიძლება შეშინდეს და იტიროს.
მოვლა
პატარას პირველი ჩვევები უვითარდება
- კარგიც და ცუდიც. შეეცადეთ,
არ მიეჩვიოს თითის წოვას. როცა ბავშვი
მშრალი გაიღვიძებს, აგრეთვე ჭამიდან
15-20 წუთის შემდეგ და ძილის წინ,
გადააყენეთ და შეაგულიანეთ შესაბამისი
ბგერებით. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ
18 თვის ასაკამდე ბავშვი თვითონ ვერ
შეგატყობინებთ ტუალეტის სურვილს და
ამის გამო დასჯა-დატუქსვა ორივეს
უშედეგოდ გაგანერვიულებთ.
პირველი ორი ქვედა საჭრელი კბილი
ბავშვს 6-7 თვის ასაკში ამოსდის. ამ დროს
პატარებს ხშირად სიცხე უწევთ, ჭირვეულობენ
და ღრძილები ექავებათ. შეგიძლიათ, ღრძილებზე სპეციალური გელი
წაუსვათ. მიეცით მოსაქავებლად რეზინის
ისეთი სათამაშო, რომელსაც ვერ გადაყლაპავს
(სათამაშო ხშირადხშირად გარეცხეთ
საპნით!)
ბავშვს ხელში ნუ ჩაუდებთ სათამაშოს,
მიაწოდეთ - დაე, თვითონ გამოგართვათ.
ჩასვით მანეჟში სათამაშოებთან ერთად.
უმჯობესია, დამოუკიდებლად გაერთოს,
მაგრამ 10 წუთზე მეტხანს მარტო ნუ
მიატოვებთ.
გასაკაჟებლად სასურველია დილაობით
ბავშვი მსუბუქად დაზილოთ თბილ
წყალში დასველებული გაწურული რბილი
ნაჭრით და გაამშრალოთ.
უქარო ამინდში, როცა ჰაერის ტემპერატურა
10°C-ზე დაბალი არ არის, ბავშვი
დღეში 2-3 საათი მაინც უნდა გაიყვანოთ
ჰაერზე.
კვება
მიეცით ბავშვს:
დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით
ან ხელოვნური საკვები დღეში
5-ჯერ (სულ - 670-900 მლ.);
დედის რძესა ან ხელოვნურ საკვებში შერეული 1-2 სუფრის კოვზი ბურღულის ფაფა.
გარდა ამისა, შეგიძლიათ დამატებით
აჭამოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე
ახალი საჭმელი. დაიმახსოვრეთ:
უნდა დაიწყოთ 1 ჩაის კოვზით და თანდათანობით
გაზარდოთ რაოდენობა 4
სუფრის კოვზამდე. ერთ ჯერზე აჭამეთ
მხოლოდ ერთი ახალი საჭმელი. მოიცადეთ
სამი დღე, სანამ კიდევ რაიმე
ახალს გაასინჯებდეთ - თუ ბავშვს გამოაყარა,
ღებინება ან ფაღარათი დაეწყო,
ადვილად დაადგენთ, რომელმა საჭმელმა
აწყინა.
ბოსტნეული. მიეცით მოხარშული
პიურეს სახით.
ხილის წვენი. დაიწყეთ მწიფე ვაშლის,
ალუბლის, ატმის ახალდაწურული წვენით.
თავიდან ანადუღარ წყალში გააზავეთ
და დღეში 60 მლ. დაალევინეთ, შემდეგ
120-220 მლ-მდე გაზარდეთ.
წვენი პატარას ჭიქით დაალევინეთ. შეგიძლიათ
გამოიყენოთ თავდახურული ტუჩიანი ჭიქა (სასურველია, ორყურიანი).
არ დაალევინოთ ბავშვს მზა არომატიზებული
ხილის სასმელები!
გახეხილი ხილი. მიეცით დღეში ერთხელ
1 ჩაის კოვზი.
პირველი წლის განმავლობაში მაქსიმალურად
შეზღუდეთ ან საერთოდ ამოიღეთ
ბავშვის მენიუდან დაშაქრული და დამარილებული
საკვები, კვერცხის ცილა, ძროხის,
თხის რძე, თაფლი, საღეჭი პროდუქტები:
თხილი, ნიგოზი, მარცვლოვნები, ყურძენი,
გაუხეხავი ხილი, ხორცის ნაჭერი.
გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯის ნახარში ანელებს საკვების გადაადგილებას ნაწლავებში
და ხელს უწყობს შეკრულობას,
ხოლო სტაფილოსა და პომიდვრის წვენი,
შავი ქლიავის და გარგარის ხილფაფა, შვრიის
ფაფა და მაწონი კი, პირიქით - აჩქარებს.
შეკრულობის დროს აჭამეთ ვახშამზე 2-3 კოვზი შავი ქლიავის პიურე.
ექიმის რჩევა
თქვენს ბავშვს 5 თვის ასკამდე მნიშვნელოვნად იცავდა დედის ორგანიზმიდან
ჯერ სისხლით, შემდეგ რძით გადაცემული
იმუნოგლობულინები. ახლა
პატარა მხოლოდ საკუთარი იმუნიტეტის
ამარაა. ამიტომ ერთნახევარი-ორი წლის
ასაკამდე, სანამ იმუნიტეტი გაუძლიერდება,
განსაკუთრებით მოარიდეთ რესპირატორულს
(ვრცელდება ჰაერით -
ხველებით, დაცემინებით) და კუჭ-ნაწლავის
ინფექციებს (ვრცელდება საჭმლით,
წყლით).
ყოველთვის მიმართეთ ექიმს, როდესაც
ბავშვს აქვს მაღალი სიცხე, ფაღარათი,
ღებინება, უმადობა, გამონაყარი,
მოდუნება, ხშირ-ხშირად სუნთქავს ან,
უბრალოდ, ცუდად გამოიყურება.
სასწრაფოდ მიმართეთ ქირურგს, თუ
ბავშვს მოულოდნელად ჭვალვითი ხასიათის
ტკივილი დაეწყო, შეტევა რამდენიმე
წუთს გაგრძელდა და 15 წუთი-1 საათის
შემდეგ გაუმეორდა. ეს ნაწლავთა
გაუვალობის (ინვაგინაციის) ნიშანია.
ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა
მოიმატოს 2 სმ. და 400-600 გრ. და
ორჯერ მეტს უნდა იწონიდეს, ვიდრე
დაბადებისას.