განვითარება თქვენი პატარა ოთხი თვისაა. უკვე გცნობთ, თვალს გაყოლებთ, ატრიალებს თავს
ბგერის მიმართულებით, ნელ-ნელა იწყებს სიტყვების
შინაარსის, ხმის ინტონაციის გარჩევას, ხმამაღლა იცინის,
ხელს სტაცებს ჩამოკიდებულ სათამაშოს, ითვალიერებს
მკლავებს, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე. როცა ვინმე
უახლოვდება, თვალებს ფართოდ ახელს და სიხარულს ან
შიშს გამოხატავს.
ბავშვი საკმაოდ აქტიურია, ცდილობს გადაადგილებას,
დაცოცავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გადმოვარდეს,
რამე არ გადაყლაპოს. შეგიძლიათ მანეჟში ჩასვათ
სანამ ბავშვს სიამოვნებს.
სიხარულით შეხვდით პატარას ყოველ გაღვიძებას.
ხშირად ელაპარაკეთ, გაამდიდრეთ თქვენი საუბარი ინტონაციითა
და გამომეტყველებით. 4-5 თვის ბავშვის განებივრება
ადვილია, ამიტომ ფრთხილად იყავით - ნუ
შეაჩვევთ ხელში აყვანას, ნურც ლოგინში ჩაიწვენთ,
მიიღეთ საქმიანი იერი, ატირებულს "აუხსენით" თქვენი
გასაჭირი და დროებით მარტო დატოვეთ.
ხშირად ეთამაშეთ ბავშვს, მაგრამ ნუ დაღლით. ელაპარაკეთ
მეგობრულად, მაგრამ ენას ნუ მოუჩლექთ ნურც
ახლა და ნურც მაშინ, როცა ლაპარაკს დაიწყებს. ბევრ
სათამაშოს ერთად ნუ მისცემთ, დაიბნევა. ჩამოუკიდეთ
სათამაშოები ისეთ მანძილზე, რომ იოლად ვერ მისწვდეს,
თუ არ გაისარჯა. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს
მყვირალა ფერის სათამაშოები უფრო მოსწონთ. თუ
რაიმე ნივთმა დააინტერესა, ახლოს მიიყვანეთ და დაათვალიერებინეთ.
ასწავლეთ ყურადღება!
მოვლა
ტუალეტი დღეში 2-ჯერ ჩაუტარეთ - დილით და საღამოს.
დაბანეთ აუდუღარი, 32° C წყლით. ასეირნეთ სუფთა
ჰაერზე 2-3 საათი ან მეტხანს. მზის აბაზანები მიაღებინეთ
თბილ ამინდში, დილაობით (არაუმეტეს 15 წუთისა).
გახსოვდეთ: გასაკაჟებლად რეკომენდებულია დილის
ტუალეტის დროს სხეულის დაზელვა თბილ წყალში დასველებული
და გაწურული რბილი ნაჭრით. ჯერ ხელები
და გულმკერდი დაუზილეთ, გაუმშრალეთ, ჩააცვით პერანგი
და მერე გადადით ფეხებზე.
კვება
მიეცით ბავშვს:
დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით ან ხელოვნური
საკვები დღეში 5-ჯერ (სულ - 800-900 მლ.)
6 თვემდე ასაკის ბავშვისათვის საჭირო არ არის ნახევრად
მყარი საკვები (მაგალითად, ბურღულეულის
ფაფა). თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ აჭამოთ, დაიმახსოვრეთ:
თავიდან რომელიმე ერთი ბურღულის (ბრინჯი,
შვრია) ან ბოსტნეულისაგან დამზადებული ფაფა გაასინჯეთ;
პირველ ჯერზე 1 ჩაის კოვზი ბურღულის ფაფა 2-
3 სუფრის კოვზ დედის რძეს ან ხელოვნურ საკვებს
შეურიეთ. თუ ბავშვმა საჭმელი იოლად მოინელა, თანდათანობით
ფაფის რაოდენობა 1-3 სუფრის კოვზამდე
გაზარდეთ. შესაბამისად გაიზრდება დასამატებელი
რძის რაოდენობაც.
ბავშვმა თავიდან შეიძლება უარი თქვას ფაფაზე,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭმელი არ მოსწონს.
უბრალოდ, პატარა სიახლეს ეჩვევა. ამიტომ ნუ იჩქარებთ
საკვების სახეობის შეცვლას.
ნახევრად მყარ საკვებს ბოთლით ნუ მისცემთ, გამოიყენეთ
ვერცხლის ან პლასტმასის კოვზი. კოვზი ღრმა
არ უნდა იყოს. პირველი კოვზი გაასინჯეთ მაშინ, როცა
პატარა კარგ გუნებაზეა. მიეცით ფაფა, როცა რძე ყველაზე
ნაკლები გაქვთ გვიან შუადღისას, ადრე საღამოს.
ექიმის რჩევა
თუ ბავშვს საზარდულის არეში თიაქარი აქვს, შეიძლება ჩაეჭედოს. ჩაჭედილი თიაქარი მკვრივი, დაჭიმული
და მტკივნეულია ხელით შეხებისას. ბავშვი გაფითრებულია,
ტირის, ყვირის, იჭინთება და ფეხებს იქნევს.
სასწრაფოდ მიმართეთ ბავშვთა ქირურგს!
თუ ბიჭს არ ესინჯება ორივე სათესლე ჯირკვალი
ექიმს აჩვენეთ.
თუ ბიჭს ჩუჩა არ ეწევა, ექიმს აჩვენეთ.
თუ თქვენს შვილს ერთხელ მაინც ჰქონდა ასთმის
მსგავსი შეტევა, შეგიძლიათ უფასოდ გამოიკვლიოთ,
აქვს თუ არა მას წინასწარგანწყობა ალერგიის ან ასთმისადმი.
ეს დაავადებები, სწორი მოვლით, შესაძლებელია,
საერთოდ აარიდოთ ბავშვს.
გახსოვდეთ: თუ ბავშვს პირღია სძინავს, სავარაუდოა,
რომ ცხვირით სუნთქვა უჭირს. მიმართეთ ყელყურ-
ცხვირის ექიმს.
პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ
და 400-600 გრ.