თქვენი პატარა სამი თვისაა. მუცელზე წოლისას თავი უკვე მყარად უჭირავს
და ხელებსაც ეყრდნობა. ხელის წინ გაშვერაც შეუძლია. მზერას აფიქსირებს უძრავ და მოძრავ საგნებზე.
ბავშვის ღიმილი გააზრებულია და კმაყოფილებას
გამოხატავს. ღუღუნი თანდათანობით მელოდიური
ხდება.
ბავშვს ყოველდღიურად 10-10 წუთით მოასმენინეთ
მშვიდი მუსიკა, თავადაც უმღერეთ. ხანდახან უფროს
და-ძმას უფლება მიეცით, მოეფერონ, აკოცონ პატარას,
აჭამონ თქვენი ზედამხედველობით.
გამოიყენეთ "კენგურუ", რომელიც მოსახერხებელიცაა
და სასარგებლოც - პატარას ამშვიდებს მშობლის
სხეულთან ახლოს ყოფნა. სასურველია, ბავშვი მუცლით
თქვენსკენ იყოს და გვერდზე იყურებოდეს.
3-4 თვიდან მანეჟი მოიშველიეთ. ცოტა ხნით პატარა
მარტო დატოვეთ, მიეცით ფორთხვის საშუალება.
ახალი სათამაშოები საპნით გარეცხეთ. სათამაშო
იმ ზომისა უნდა იყოს, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს
მისი გადაყლაპვა. გაითვალისწინეთ, რომ ნაჭრის
სათამაშო არაჰიგიენურია.
მოვლა
თუ პატარა ტირის, ხელში აიყვანეთ, ჩაიხუტეთ,
ანანავეთ, აცეკვეთ, უმღერეთ. ნუ მოთოკავთ თქვენს
სიყვარულს, არც ამ ასაკში ნებივრდებიან ბავშვები.
დააწვინეთ დასაძინებლად, როცა ეძინება, მაგრამ
ვიდრე ჯერ კიდევ ღვიძავს - ასე ბავშვი თვითონვე "ისწავლის
დაძინებას". უმღერეთ იავნანა, უსურვეთ "ძილი ნებისა"
და აკოცეთ საწოლში ჩაწვენის წინ. ეცადეთ, არ
დააჩვიოთ საწოლის რწევას.
დღის რეჟიმში კვლავ შედის ტუალეტი დილა-საღამოს, დაბანა და მზის აბაზანა, თუ გარემოს ტემპერატურა
18° C-ზე ნაკლები არაა. 2-3 საათით გრილ
ამინდშიც შეიძლება სეირნობა, თუ ქარი არ ქრის. კარგ
ამინდში პატარა აივანზე დააძინეთ.
კვება მიეცით ბავშვს:
დედის რძე - დღეში 6-7-ჯერ ან ხელოვნური საკვები
ეტიკეტზე მითითებული წესების მკაცრი დაცვით
- 140 მლ-დან 200 მლ-მდე 3,5-4 საათის ინტერვალით
(დღეში დაახლოებით 680-900 მლ).
თუ ბავშვი 3-6 თვის ასაკში ღამის 11-12 საათისათვის
არ იღვიძებს, ღამით ნუ აჭმევთ.
ბავშვს 4-6 თვის ასაკამდე ნახევრად მყარი საკვები
(ფაფები, პიურეები) არ სჭირდება.
წყალი და ვიტამინები მიეცით ექიმის რჩევით.
ექიმის რჩევა თუ ბავშვს კანზე პერიოდულად ღია წითელი ფერის
ლაქები უჩნდება, ხშირია გამოყელვა და კანის აქერცვლა,
ეს შეიძლება ალერგიის პირველი გამოვლინება იყოს.
აჩვენეთ ბავშვი ალერგოლოგს. მართალია, ალერგიისადმი
მიდრეკილება შვილებს მშობლებისაგან გადაეცემათ,
მაგრამ სათანადო მოვლით შეიძლება დაავადება
თავიდან ააცილოთ.
თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს ბარძაყის წინა ზედაპირზე
არათანაბარი ნაოჭები აქვს, ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა,
ფეხებს განზე თავისუფლად ვერ სწევს, მიმართეთ
ბავშვთა ორთოპედს.
გახსოვდეთ: ბავშვის ზრდა-განვითარების მათ შორის
წონისა და სიგრძის მატების, მონაცემები მრავალი ინდივიდუალური
თავისებურებით ხასიათდება. თქვენი შვილის
განვითარების დონე შეიძლება არ შეესაბამებოდეს
ჩვენს მონაცემებს, მაგრამ ამაზე ნუ ინერვიულებთ!
მიაკითხეთ ექიმს. ექიმი განსაზღვრავს, მკურნალობაა
საჭირო თუ, უბრალოდ, მოცდა.
ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2,5 სმ.
და 400-600 გრ.