განვითარება თქვენი პატარა ორი თვისაა. იწყებს ფერების გარჩევას, უსმენს ბგერებს, ხმაურს,
მუსიკას, სხვადასხვაგვარად რეაგირებს სხვადასხვა
ხმაზე, გამოხატავს სიხარულს, ღუღუნებს,
ხალისით თამაშობს. მალე სათამაშოსაც დაიჭერს ცალი
ხელით.
ხშირად ეთამაშეთ, ელაპარაკეთ, ჩაიხუტეთ. ბავ-
შვის დაძინებას მიუდექით, როგორც ერთგვარ რიტუალს:
უმღერეთ იავნანა, სიტყვები: "ძილი ნებისა" და
ნაზი კოცნა მიახვედრებს ბავშვს, რომ დაძინების დროა.
მოვლა
სცადეთ და მიაჩვიეთ "გადაყენებას". თუ ბავშვმა
გაიღვიძა, ისე რომ არ ჩაუსველებია, მაშინვე მუხლებზე
დაიწვინეთ, ფეხებთან პატარა ტაშტი დაიდგით,
შეაგულიანეთ შესაბამისი ბგერებით და..... იქნებ, დაგიფასოთ
მონდომება! ასე მოიქეცით ჭამიდან 5-10 წუთის
შემდეგაც. ნუ შეგაშინებთ პირველი ცდების წარუმატებლობა,
ბავშვი თანდათანობით მიეჩვევა და თქვენს
ყოველდღიურ სარეცხს რამდენიმე საფენი მოაკლდება,
თუმცა სრულყოფილად ამ "საქმეს" მხოლოდ 2-3 წლის
ასაკში დაეუფლება.
პატარას ტუალეტი დილა-საღამოს ჩაუტარეთ.
დაბანეთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით. არ დაგავიწყდეთ
ბოლოს 1° C-ით გრილი წყლის გადავლება.
ჩაბანვა შეიძლება ოთახის ტემპერატურის (მინიმუმ
18° C) ონკანის წყლით.
ბავშვი დღეში 2 საათი სუფთა ჰაერზე ასეირნეთ,
მაგრამ მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
თუ ჰაერის ტემპერატურა 25-30° C-ია, დილის 8-დან
11 საათამდე დღეში 1 წუთით პატარას მზის აბაზანა
მიაღებინეთ. თანდათანობით გაზარდეთ ხანგრძლივობა
15 წუთამდე.
გაითვალისწინეთ, რომ 10 თვის ასაკამდე ვარჯიში
ნაკლებად უწყობს ხელს ბავშვის ფიზიკურ განვითარებას.
ამიტომ მხოლოდ ჩვილის ბუნებრივი აქტიურობის
გამოვლენა წაახალისეთ: წამოიწიოს მუცელზე
მწოლიარემ, მისწვდეს საჩხარუნოს, თავი დაიჭიროს
ხელში აყვანილმა.
ექიმის რჩევა
თუ ექიმმა სამკურნალო მასაჟები გირჩიათ, ნუ მიიჩნევთ საკუთარ
თავს მასაჟისტად - მიმართეთ სპეციალისტს.
გახსოვდეთ: არ შეიძლება ბავშვის შეჯანჯღარება!
სამშობიაროში თქვენს პატარას გაუკეთდა ტუბერკულოზის
საწინააღმდეგო აცრა (ბეცეჟე). 2 თვისას უნდა გაუკეთდეს ყივანახველა
დიფთერია ტეტანუსის და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო
ვაქცინა. ვაქცინაციის დღეს ბავშვი ჯანმრთელად უნდა იყოს. თუ
რამემ დაგაეჭვათ, ექიმს უთხარით.
თუ აცრის შემდეგ ბავშვს სიცხემ აუწია, მიეცით პარაცეტამოლი
(უმჯობესია, სანთლები). თუ ნანემსარი გაუწითლდა, გაუმაგრდა
და სტკივა, დაადეთ თბილი სათბური.
ვაქცინაციის დღეს არ შეიძლება დაბანა.
ნუ დაიზარებთ თქვენი შვილის აცრას - ვაქცინაციის წყალობით
მრავალი ჩვენგანი საშინელ დაავადებებს გადაურჩა!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ახალშობილს თავის
ქალაზე აქვს რამდენიმე გაუძვალებელი, რბილი ადგილი - ყიფლიბანდი.
დიდი ყიფლიბანდი შუბლისა და თხემის ძვლების შესახსრების
ადგილზე მდებარეობს. მისი ზომები ინდივიდუალური და ცვალებადია.
ყიფლიბანდი შეიძლება პულსირებდეს გულისცემის შესაბამისად.
4-დან 18 თვემდე ასაკში ბავშვს ყიფლიბანდი უნდა გაუძვალდეს
(დაეხუროს). როგორც ნაადრევი, ასევე დაგვიანებული გაძვალებისას
აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია. ასევე აუცილებლად უნდა
მიმართოთ ექიმს, თუ ყიფლიბანდის პულსირება მკვეთრად მოიმატებს
(განსაკუთრებით - ძილისა და მოსვენების დროს).
ნუ გადადებთ ნევროპათოლოგთან ვიზიტს, თუ: ბავშვს კიდურებში
არათანაბარი ძალა აქვს, თავი სწრაფად ეზრდება, კისერი ცალ მხარეს
აქვს გადახრილი, ზედმეტად პასიური ან ზედმეტად დაძაბულია.
მიმართეთ ქირურგს, თუ: ბავშვს ენის მოძრაობა შეზღუდული
აქვს, ენა არ სცილდება ღრძილებს ("მოკლე ლაგამი"); ჭიპთან აქვს
ამობურცულობა, რომელიც თითის დაჭერით ადვილად სწორდება
(ჭიპის თიაქარი).
ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 3 სმ. და 500-600 გრ.