Main PageSite MapContact


  II თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ერთი თვისაა. მეორე თვის განმავლობაში იგი ბევრ რამეს ისწავლის _ პირველად გაგიღიმებთ, პირველად აღუღუნდება, პირველ ცრემლებსაც გადმოღვრის. თვის ბოლოს კისრის მობრუნებასა და თავის დაჭერას შეეცდება, თვალს გააყოლებს მოძრავ სათამაშოს, ჩაბღუჯავს საჩხარუნოს, სიამოვნებით მოუსმენს წყნარ, მელოდიურ მუსიკას, ზარის წკრიალს, გაგრძნობინებთ თქვენთან ურთიერთობის სურვილს.
  ზურგზე წოლისას, ბავშვი ყოველთვის კედლის საწინააღმდეგო მხარეს იყურება. თავის ფორმა რომ არ შეეცვალოს, ბავშვი მონაცვლეობით დააწვინეთ ხან ერთ, ხან მეორე გვერდზე.

  მოვლა

   პატარას ტუალეტი დღეში ორჯერ ჩაუტარეთ - დილით და საღამოს. ხელები სველი ბამბით გაუწმინდეთ და ფრთხილად შეუმშრალეთ. დაბანეთ ყოველდღიურად (ცივ თვეებში დღეგამოშვებით). ბავშვს არ სიამოვნებს არც მეტისმეტად ცხელი და არც მეტისმეტად გრილი წყალი, ამიტომ შეამოწმეთ იდაყვით - წყლის ტემპერატურა კანის ტემპერატურის შესაბამისი უნდა იყოს (35-37°C).

  ჩააცვით პატარას საცვალი და ორი შარვალი: ჯერ თხელი - უკუღმა, ნაკერებმა კანი რომ არ გაუ- ღიზიანოს და მერე სქელი, თბილი. ასე ბავშვს ფეხები თავისუფლად ექნება და უფრო კარგად იგრძნობს თავს.¨ თბილ ამინდში დღეგამოშვებით მიაღებინეთ მზის აბაზანა. მზის სხივები შიშველ სხეულს უნდა ხვდებოდეს. დაიწყეთ 15 წამით და თანდათანობით ერთ წუთამდე გაზარდეთ.
  პერიოდულად ავარჯიშეთ: ერთდროულად მოუხარეთ ფეხები და შემდეგ განზე განუზიდეთ
  ნუ შეეცდებით პატარას დაძინებას, მან თვითონ უნდა “გაცნობოთ”, როდის სურს ძილი. ნუ მისცემთ მატყუარა საწოვარას, თუ მის გარეშეც იძინებს. თუ დღე-ღამე არეული აქვს, დღისით შეაღვიძეთ ხოლმე.
  თუ ბავშვი ფერმკრთალია, ასლოკინებს, კისერი, ცხვირი ან ფეხები გრილი აქვს, ყვირის და ტირის - ალბათ სცივა. შეამოწმეთ, ხომ არ ჩაისველა. თუ ბავშვი გახურებულია, ხელფეხს იქნევს, სხეულზე წითელი ლაქები აქვს, ტირის და ყვირის - ალბათ გადახურდა და ჩააცვით თხლად.
  ტირილი და მოუსვენრობა შეიძლება მოჭერილმა ტანსაცმელმაც გამოიწვიოს.

  კვება
  მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით 8-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში 2,5-3,5 საათის ინტერვალით ან ხელოვნური საკვები - 6-ჯერ დღე-ღამეში 100-დან 130მლ-მდე 3-3,5 საათის ინტერვალით (სულ - დაახლოებით 600-780 მლ.).
  თუ ექიმი გირჩევთ, შეგიძლიათ მისცეთ წყალი და ვიტამინები.
  თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ხანდახან თქვენმა მეუღლემ ან ოჯახის სხვა წევრებმა აჭამონ.

  ექიმის რჩევა
   თუ პატარა ენას ან თითს წოვს, მიეცით მატყუარა საწოვარა დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით.
  შეიძლება ბავშვი რძიანამ შეაწუხოს - თუ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ნადები შენიშნეთ ან შეატყეთ, რომ უჭირს ჭამა მადის მიუხედავად (ხარბად მოწოვს რამდენიმე ყლუპს და ტირილით ანებებს თავს), ექიმს მიმართეთ.
  თუ ბავშვი ჭამიდან ნახევარიერთი საათის შემდეგ წამოიყვირებს, ტირის, ფეხებს იქნევს, თვალები დახუ- ჭული და შუბლი შეჭმუხნული აქვს - შესაძლოა, გაზები აწუხებდეს. ეს კოლიკებია, რომლებიც ბავშვთა 20%-ს აქვს 3 კვირიდან 3 თვის ასაკამდე (უფრო ხშირად საღამოობით). იქნებ, ამობოყინებამ უშველოს. შეგიძლიათ პირსახოცშემოხვეულ თბილ სათბურზე დააწვინოთ, "მატყუარა” მისცეთ, მუცელზე წრიულად, საათის ისრის მიმართულებით უსვათ თბილი ხელი, ჩასვათ თბილ წყალში ან გაზგამყვანი მილი ჩაუდგათ. პატარა აიყვანეთ ხელში და ატარეთ ჩახუტებული - ამ ასაკში არ არსებობს განებივრების საშიშროება!
  თუ პატარა ხმადაბლა ტირის, ანდა თითქოს წკმუტუნებს, სუნთქვა გახშირებული აქვს და მოშვებულია, გაუზომეთ ტემპერატურა სწორი ნაწლავიდან (გახსოვდეთ, რომ იქ ტემპერატურა 0,4-0,5°C-ით მეტს აჩვენებს, ე.ი. 37.4°C-მდე ნორმად ითვლება). აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი.
  ყოველთვის მიმართეთ ექიმს, როცა ბავშვი ცუდად გამოიყურება, არ ჭამს, აქვს გახშირებული სუნთქვა, ფაღარათი, ღებინება, გახურებული, ცივი ან მოდუნებულია - ერთი სიტყვით, ყოველთვის, როცა ეჭვობთ, რომ ბავშვი ავადაა.
  მიაკითხეთ ნევროპათოლოგს, თუ ბავშვს ხშირად სცდება რძე; აქვს არათანაბარი ძალა კიდურებში, ასიმეტრიული კისერი, ტერფები; ცხვირსა და ტუჩებზე მოცისფრო ელფერი გადაჰკრავს.
  ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 3 სმ. და 600გრ


უკან დაბრუნება



 
  © 2006 www.bavshvi.ge