Main PageSite MapContact


  XII თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა თორმეტი თვისაა.
  ცდილობს ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმას. თავდაპირველად ხელებს წინ იშვერს, თითქოს საყრდენამდე მანძილის შემცირება უნდა. 14 თვემდე

  ბავშვის სიარულის მანერა დაიხვეწება - წონასწორობის დასაცავად ხელებს ჯერ განზე გაშლის, მერე ტანზე მიიტყუპებს. ჯერჯერობით კი საყრდენს ეძებს. დააყენეთ პატარა კედელთან, თქვენ მოშორებით ჩაჯექით და დაუძახეთ: "მოდი ჩემთან!" ბავშვის სიტყვების მარაგი ამ ასაკში, ჩვეულებრივ, 10-12 სიტყვით ამოიწურება, მაგრამ გაცილებით მეტი ესმის და ზოგიერთ თხოვნას ასრულებს კიდეც: "აიღე", "მომეცი", "დადე", "პირი გააღე". თვითონაც განუწყვეტლივ ითხოვს - "მომე".
  პატარა აწყობს მარტივ კონსტრუქციებს, უსტვენს "ჩიტი სასტვენით", მიძვრება თაროებსა და უჯრებში, ყველაფერს ხელს ჰკიდებს, შლის, ძირს ყრის, აღებს და ხურავს კარს, ხევს ფურცლებს. რას იზამთ, მისი სწრაფვა გარემოს შეცნობისაკენ თქვენგან ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს. ფრთხილად იყავით, მოარიდეთ ბავშვი მჭრელ და ცხელ ნივ- თებს, ცხელწყლიან ჭურჭელს, ცეცხლს, კიბეებს.

  ყოველდღიურ ჰიგიენას, სეირნობასა და მზის აბაზანებს ემატება ხანმოკლე თბილი შხაპი, რომელიც თანდათანობით გრილი შხაპით შეიძლება შეიცვალოს.

  კვება
   იმედია, თქვენი პატარა უკვე სწავლობს მაგიდასთან ქცევის წესებს, ხმარობს კოვზსა და ფინჯანს.
  მენიუ თითქმის უცვლელია.
  შეგახსენებთ, რომ ბავშვს ამ ასაკში არ უნდა აჭამოთ შემწვარი ხორცი, კარტოფილი, სოსისი, ცხარე საჭმელი, კაკაო, შოკოლადი, კანფეტები, ციტრუსი, კონსერვები. წინათ თვლიდნენ, რომ მეთორმეტე თვეზე შეიძლებოდა ბავშვისათვის ღვიძლის პაშტეტის მიცემა, მაგრამ დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო ეს მიზან- შეწონილი არაა.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 1,5 სმ. და 400-500 გრ.

  ექიმის რჩევა
   ნურასოდეს დატოვებთ ბავშვს უმეთვალყურეოდ მიმზიდველ საშიშროებებთან (მდინარის, ზღვის, გზის პირას, ცხელწყლიან ჭურჭელთან, წამლებსა და საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებთან, ფანჯარასა და კიბესთან, სტუმრობისა და სტუმრების მიღების დროს). შეხედეთ გარემოს მისი თვალით. ნუ დასჯით ისეთი საქციელისათვის რომლის გააზრება ჯერ არ შეუძლია. მისთვის გასაგები ენით ნათქვამი საყვედური უკეთ მიაღწევს მიზანს.

  გილოცავთ - თქვენი შვილი ერთი წლის გახდა!


უკან დაბრუნება



 
  © 2006 www.bavshvi.ge