Main PageSite MapContact


  I თვე

  პირველ თვეს ახალშობილს თითქმის სულ – დღე-ღამეში 12-18 საათი სძინავს. იგი მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როცა მოშივდება ან რამე შეაწუხებს. მისი მოძრაობა ჯერ გაუაზრებელია.
  3-5 დღის ასაკიდან ბავშვს კვების დროის რეფლექსი უჩნდება, 3 კვირიდან, მუცელზე წოლისას, თავის დაჭერას ცდილობს, გამოსცემს ბგერებს "ა", "ე". 3-4 კვირიდან თვალებს კოორდინირებულად ამოძრავებს, აფიქსირებს საგნებს 60-100 სმ-ზე. ამ ასაკში ბავშვი გამოსახულებას ბუნდოვნად აღიქვამს, 3 კვირამდე სინათლის შიშიც კი აქვს. ამიტომ მოარიდეთ მკვეთრ სინათლეს, მაგრამ ნურც ჩამოუბნელებთ - სინათლე თვალს ავარჯიშებს.
  ახალშობილს თავიდანვე შეგიძლიათ ჩააცვათ საფენიანი ტრუსი ან ერთჯერადი საფენი. ფეხებს მჭიდროდ ნუ შეუხვევთ.
  საფენები გარეცხეთ საბავშვო საპნით ან საბავ- შო სარეცხი ფხვნილით და აუცილებლად ორივე მხრიდან დააუთოვეთ. ეს შრომატევადი საქმეა, მაგრამ რაც უფრო სუფთად და მოხერხებულად იქნება თქვენი პატარა, მით უფრო ნაკლებად იჭირვეულებს.
  თუ ცივა, ბავშვს სახელოებამოკერილი თბილი პერანგი ჩააცვით. ოთახში ქუდი მხოლოდ დაბანის შემდეგ დაახურეთ. საფენების წინასწარ გათბობა საჭირო არ არის. საფენის ხმარებისას ზეთს ნუ გამოიყენებთ. კანის გაღიზიანებისას იხმარეთ სპეციალური მალამო.
  ახალშობილის ყოველდღიური ტუალეტი დილით, კვების წინ იწყება. პატარას სახე გაუსუფთავეთ ანადუღარ თბილ წყალში დასველებული ბამბით, ხოლო თვალები ასევე ანადუღარ თბილ წყალში დასველებული სტერილური ბამბის ტამპონით გაუწმინდეთ გარეთა კუთხიდან ცხვირისაკენ. არ შეიძლება ორივე თვალზე ერთი და იმავე ტამპონის გამოყენება.
  ცხვირის ღრუ სტერილურ ვაზელინში დასველებული დახვეული ბამბით დაუმუშავეთ. ბამბა ასანთის ღერზე არ დაახვიოთ.
  ყურები მშრალი სტერილური ბამბით გაუსუფთავეთ (გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება სასმენი მილის გასუფთავება).
  პირის ღრუს გამოწმენდა საჭირო არ არის.
  ჭიპი ყოველდღე დაუმუშავეთ წყალბადის ზეჟანგითა და ბრილიანტის მწვანეთი.
  კუჭის ყოველი მოქმედების შემდეგ შორისი ჩაბანეთ ანადუღარი თბილი წყლის ნაკადით. გოგონა უნდა ჩაბანოთ წინიდან უკან მიმართულებით, ბიჭი - სულერთია. გამშრალების შემდეგ ნაკეცებ- ში სტერილური ვაზელინი ან საბავშვო კრემი წაუსვით.
  6 თვემდე ბავშვი ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა დაბანოთ, უმჯობესია, ძილის ან ბოლო კვების წინ. ჩაასხით აბაზანაში 37°C ტემპერატურის წყალი 5-7 სმ-ზე. ოდნავ შეაფერადეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარით (და არა კრისტალებით). თუ ბავშვს კანი უშრება, კალიუმის პერმანგანატის მაგივრად ორი კოვზი ორკბილას ორმაგ ბანდში გაფილტრული ნახარში იხმარეთ. აბაზანაში სუფთა საფენი ჩააფინეთ. ბავშვი მარცხენა ხელზე დაიწვინეთ თავით და ბეჭებით, მარჯვენათი კი წინასწარ მომზადებული ბამბის ბურთულებით დაბანეთ. საბავშვო საპონი ან შამპუნი კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გამოიყენეთ. დაბანის შემდეგ გადაავლეთ ერთი გრადუსით გრილი წყალი. დაბანისას ბავშვს წყლის ნაკადი სახეზე არ უნდა მოხვდეს. ბავშვი სწრაფად შეახვიეთ ზეწარში და ფრთხილად გაამშრალეთ.

  მე-8-10 დღიდან დაწყებული, პატარა ყოველდღიურად ასეირნეთ, თუ ქარიანი ამინდი არ არის.
  ხელში ჭერისას ბავშვი პირისახით თქვენსკენ დაიჭირეთ და ფეხები განუზიდეთ.
  თუ ბავშვს დღე-ღამის განმავლობაში კუჭის მოქმედება არ ჰქონია, დაეკითხეთ ექიმს. თუ ექიმმა ოყნა გირჩიათ. გამოხარშული საბავშვო ოყნა გაავსეთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით. ოყნის წვერს წაუსვით ვაზელინი, გადმოასხით რამდენიმე წვეთი, ისე რომ ხელი არ მოადუნოთ, რათა ოყნა ჰაერით არ გაიბეროს. ბავშვი მარცხენა გვერდზე დააწვინეთ და ფეხები მოუხარეთ. წყალი უკან რომ არ გადმოიღვაროს, დუნდულებს ერთი წუთით ხელი მოუჭირეთ. თუ კუჭმა მაინც არ იმოქმედა, პროცედურა გაიმეორეთ. თუ ბავშვი მომდევნო დღესაც ვერ გავიდა დამოუკიდებლად, ექიმს მიმართეთ.

  დაბადებიდან პირველი 28 დღე `ახალშობილობის პერიოდად” ითვლება. დაახლოებით ეს დრო სჭირდება თქვენს პატარას ადაპტაციისათვის. მას ურთულესი საქმე აქვს შესასრულებელი - უნდა გარდაქმნას თავისი პატარა სხეულის ყველა ნაწილის მუშაობის წესი და რეჟიმი, შეეჩვიოს გარემოს სიურპრიზებს. ამის გამო ამ პერიოდში მოსალოდნელია ცოტაოდენი გამონაყარი სახეზე, ნასიცხი კისერზე, იღლიასა და საზარდულის არეში, ხანდახან ცხვირის ცემინება, ხვრინვა, სიელმე, ტირილის დროს სუნთქვის შეკავება, ნიკაპის კანკალი, სარძევე ჯირკვლების შეშუპება და გამკვრივება (2 კვირის ასაკამდე), მცირეოდენი გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან და საშოდან, სიყვითლე (10-12 დღის ასაკამდე), სისხლჩაქცევები თვალის თეთრ გარსზე.
  ასეთი მოვლენების შესახებ დაწვრილებით მოუყევით ექიმს.
  ზოგჯერ ბავშვი აღგზნებული და შეწუხებულია გადახურების გამო, ხარბად სვამს წყალს, სიცხე 38,5°ჩ-მდე უწევს. დააკვირდით, ოთახში ხომ არ ცხელა, მზის სხივები ხომ არ ეცემა ბავშვს? თუ ასეა, შილიფად ჩააცვით, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ არ შესცივდეს.
  მოერიდეთ ზაფხულში ბავშვის ბუნებრივი კვებიდან ხელოვნურზე გადაყვანას, ნაწლავურ ინფექციებს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ისევე როგორც ზამთარში, - გაციებას, გაზაფხულზე კი - მცენარე- თა მტვერს.

   აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
  • ბავშვს სიცხემ აუწია, გახშირებული აქვს სუნთქვა, ჭირვეულობს;
  • კვირაში 150 გრამზე ნაკლებს იმატებს;
  • აქვს ჩირქოვანი გამონაყარი ან გამონადენი;
  • ცუდად გამოიყურება, საჭმელს არ ჭამს; ხშირად აღებინებს;
  • სიყვითლე ორი კვირის შემდეგაც რჩება.

  დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
  • კეფის, ზურგის, დუნდულების მიდამოში გაჩნდა წითელი, მოლურჯო ელფერის შესიება (ახალშობილ- თა ფლეგმონა);
  • სარძევე ჯირკვალი გადიდებული, გამკვრივებული, მტკივნეული და გაწითლებულია (ახალშობილთა მასტიტი);
  • მუცელი ჭიპის ირგვლივ შესიებული და შეწითლებულია, ჭიპიდან შეინიშნება გამონადენი (ომფალიტი).

  პირველ თვეებში ამოღებინება, ამოქაფება და ამობოყინება ხშირი მოვლენაა. შეიძლება ამოღებინებული მასა სასულეში გადავიდეს. ამიტომ ზურგზე ან გვერდზე მწოლიარე ბავშვს თავი უფრო მაღლა უნდა ჰქონდეს, ვიდრე ფეხები, ოღონდ ამისათვის ბალიშს ნუ გამოიყენებთ. სასურველია, თავი მორიგეობით ჰქონდეს მობრუნებული ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
  როცა შია, ბავშვი ამას, ჩვეულებრივ, ტირილით გვაგებინებს, მაგრამ ტირილი ყოველთვის შიმშილის ნიშანი არ არის. პატარა შეიძლება ტიროდეს მაშინაც, როცა სცივა, ჩასველებულია, მუცელი სტკივა, დაბოყინება უნდა და ა.შ.
  როგორც წესი, ბავშვი თვითონ იმუშავებს თავისი კვების რეჟიმს, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ მას კვების, ძილისა და სიფხიზლის პერიოდების თანამიმდევრობის დარეგულირებით.
  ძუძუთი კვების პირველი კვირის განმავლობაში შეაღვიძეთ ბავშვი ყოველ 3-3,5 საათში ერთხელ (დღისითაც და ღამითაც).
  თუ გამოწველილი ან დონორის რძის დამატება დაგჭირდათ - გამოიყენეთ პიპეტი, კოვზი, ფინჯანი, მაგრამ არა საწოვრიანი ბოთლი, რომ პატარა არ `გაზარმაცდეს”.
  თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, შეაღვიძეთ ყოველ 3,5 საათში ერთხელ ღამის 6-6,5 საათიანი შუალედით. დღის საათებში ხშირი გამოღვიძება თავიდან აგაცილებთ ღამის სიფხიზლეს.
  ხშირი კვება ბავშვის ორგანიზმს გაუწყლოებისაგან იცავს და ხელს უწყობს წონაში ნორმალურ მატებას.
  თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა და ჭამს მოთხოვნილების მიხედვით, წყლის დალევა აღარ სჭირდება. ასევე იკმაყოფილებენ წყალზე მოთხოვნილებას ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, თუმცა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კვებათა შორის ანადუღარი წყლის მიცემაც, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.
  ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი თვითონვე არეგულირებს საკვების რაოდენობას, ოღონდ მთავარია, დავიცვათ ძირითადი წესი: ვაჭამოთ ბავშვს არა რე- ჟიმის, არამედ მოთხოვნილების მიხედვით. ხელოვნური კვებისას კი საჭიროა საკვების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა.
  მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - დღე-ღამეში 8-ჯერ (შეიძლება, მეტჯერაც), მოთხოვნილების მიხედვით (დაახლოებით 2,5-3,5 საათის ინტერვალით) ან ხელოვნური საკვები - 100-დან 130 მლ-მდე 3-3,5 საათის ინტერვალით დღე-ღამეში 6-ჯერ (სულ - დაახლოებით 600-780 მლ.)
  თუ იძულებული ხართ, ბავშვი ხელოვნურად კვებოთ (მაგალითად, ჩვილს შეიძლება ჰქონდეს ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დარღვევა), დაიცავით შემდეგი წესები:
  გამოიყენეთ ე.წ. ადაპტირებული ხელოვნური საკვები (და არა მაწონი ან რძე);
  საკვები მოამზადეთ სუფთა ჭურჭელში და ჩაასხით სტერილურ ბოთლში: ფხვნილი ანადუღარ წყალში მხოლოდ 50-55°ჩ-მდე გაგრილების შემდეგ გახსენით;
  გამოიყენეთ მხოლოდ ახლადმომზადებული საკვები;
  საკვები ბავშვის სხეულის ტემპერატურის უნდა იყოს (37°ჩ). პლასტმასის ბოთლში სითხის ტემპერატურას ხელით ნაკლებად შეიგრძნობთ, ამიტომ რამდენიმე წვეთი ხელის ზურგზე დაიწვეთეთ;
  მოხერხებულად დაჯექით და ბავშვი მკლავზე დაიწვინეთ;
  ბოთლი დახრილ მდგომარეობაში დაიჭირეთ და ბავშვს ისე აჭამეთ, რომ ბოთლი პირზე არ აწვებოდეს;
  საკვები უნდა ავსებდეს ბოთლის ყელს და საწოვარას, რომ ბავშვმა ჰაერი არ ჩაყლაპოს;
  საწოვარას თავი ფორმით და ზომით დედის ძუძუს თავს უნდა შეესაბამებოდეს;
  საწოვარა რამდენიმე ადგილას უნდა იყოს გახვრეტილი და საჭმელი ასევე რამდენიმე ნაკადად მოდიოდეს;
  საწოვარას ნახვრეტი ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ რძე თავისუფლად გადმოედინებოდეს, მაგრამ არც იმდენად ფართო, რომ სითხე დიდი ნაკადით გადმოიღვაროს.
  საწოვარა დროდადრო გამოაცალეთ ბავშვს პირიდან. ამით გაუადვილებთ მას წოვის პროცესს და მისცემთ დასვენების საშუალებას;
  არ დატოვოთ ბავშვი ბოთლით მარტო (ნუ დაუდებთ მკერდზე და ნუ მისცემთ ხელში);
  კვება 15-30 წთ. უნდა გრძელდებოდეს.
  გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის მოთხოვნილება საკვებზე ყოველდღიურად იცვლება მისი ასაკის, ინდივიდუალური თავისებურებებისა და განვითარების ტემპის მიხედვით.
  ვიტამინი D3 შეიძლება დაჭირდეს როგორც ხელოვნურ, ასევე ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს.
  პატარამ ჭამის დროს საკვებთან ერთად შეიძლება ჰაერიც ჩაყლაპოს. დაეხმარეთ ამობოყინებაში. ახალშობილი ვერტიკალურად დაიჭირეთ, ზურგით თქვენსკენ, ოდნავ მარცხნივ გადახრილ მდგომარეობაში, ან პირქვე გადაიწვინეთ მკლავზე და ნაზად უსვით ხელი ხერხემლის აყოლებით, სანამ არ ამოაბოყინებს.
  ასე მოიქეცით ყოველი კვების შემდეგ. ერთ თვემდე ასაკის ბავშვს რამდენჯერმე ამოაბოყინებინეთ კვების პროცესშიც.
  ბავშვმა ზოგჯერ შეიძლება არ ამოაბოყინოს და თქვენც ნუ დააძალებთ, რადგან ამობოყინებას შეიძლება საჭმელიც ამოყვეს.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 3 სმ. და 600 გრ.


უკან დაბრუნება



 
  © 2006 www.bavshvi.ge